აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი ირანთან მიღწეული შეთანხმების შესრულებას ყურადღებით დააკვირდება და დარღვევის შემთხვევაში შესაბამის ზომებს მიიღებს.
„თუ ირანი შეთანხმებას არ შეასრულებს, იმას გავაკეთებ, რაც საჭიროა“, – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, ჰორმუზის სრუტე სრულად გახსნილია, ხოლო ირანი ბირთვულ იარაღს ვერასდროს მიიღებს.
„სრუტე სრულიად ღიაა. ჩვენ ორი რამ გვაქვს: ღია სრუტე და ქვეყანა, რომელსაც ბირთვული იარაღი არასდროს ექნება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ირანის გაყინული აქტივები სურსათის შესაძენად იქნება გამოყენებული. მისი თქმით, ირანი პროდუქციას ამერიკელი ფერმერებისგან შეიძენს.
„მათ 91 მილიონი ადამიანი ჰყავთ და მათი გამოკვება არ შეუძლია. გაყინული თანხა სურსათის შესაძენად იქნება გამოყენებული. ისინი სურსათს ჩვენი ფერმერებისგან შეიძენენ“, – განაცხადა ტრამპმა.