აშშ-ის სენატმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ავალდებულებს, შეწყვიტოს ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო მოქმედებები ან კონგრესის თანხმობა მიიღოს მათი გაგრძელებისთვის.
რეზოლუციის თანახმად, პრეზიდენტმა აშშ-ის შეიარაღებული ძალები ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციებიდან უნდა გაიყვანოს, თუ არ არსებობს ომის ოფიციალური გამოცხადება ან კონგრესის მიერ გაცემული სპეციალური ავტორიზაცია სამხედრო ძალის გამოყენებაზე.
BBC-ის ინფორმაციით, დოკუმენტი 50 ხმით 48-ის წინააღმდეგ მიიღეს. რეზოლუციას მხარი ყველა დემოკრატმა სენატორმა და ოთხმა რესპუბლიკელმა – რენდ პოლმა, ლიზა მურკოვსკიმ, სიუზან კოლინზმა და ბილ კასიდიმ დაუჭირეს. დემოკრატიული პარტიიდან წინააღმდეგ ხმა მხოლოდ ჯონ ფეტერმანმა მისცა.
ანალოგიური რეზოლუცია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიმდინარე თვის დასაწყისშიც მიიღო. თუმცა, BBC-ის შეფასებით, დოკუმენტი ძირითადად სიმბოლურ ხასიათს ატარებს, რადგან ის პრეზიდენტს ხელმოსაწერად არ გადაეგზავნება და კანონის ძალა არ ექნება.
დონალდ ტრამპმა სენატის გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა და მას „ცუდ დროს დაგეგმილი“ და „სრულიად უაზრო“ კენჭისყრა უწოდა.
„ირანი უკვე კუთხეში მომწყვდეული მყავდა და დამარცხებამდე ცოტა აკლდა, სწორედ ამ დროს კი სენატმა გადაწყვიტა ომის უფლებამოსილების აქტთან დაკავშირებით სრულიად უაზრო კენჭისყრის ჩატარება. მათ ჩემი საქმე უფრო გაართულეს, მაგრამ მიზანს მაინც მივაღწევ“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.