კიბერდანაშაულისთვის მსჯავრდებულებს სახელმწიფოს სასარგებლოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 3 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფულადი თანხა და ვირტუალური აქტივები ჩამოერთვათ. ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძე პარლამენტში პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, კიბერდამნაშავეები სულ უფრო ხშირად ორგანიზებული დანაშაულის ფორმით მოქმედებენ, ხოლო დანაშაულის კვალის დაფარვის მეთოდები მუდმივად რთულდება. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, პროკურატურა ვირტუალური აქტივების სერვის პროვაიდერებთან და საერთაშორისო უწყებებთან აქტიურად თანამშრომლობს.
გვარაკიძის განცხადებით, 2025 წელს კიბერდანაშაულის ფაქტებზე დევნის დაწყების მაჩვენებელი ბოლო ხუთ წელთან შედარებით ყველაზე მაღალი იყო და 246 პირს შეეხო.
პროკურატურის ინფორმაციით, განახლებულია „ვირტუალური აქტივების ამოღების პროცედურების შესახებ“ მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო, ასევე გამოიყენება კრიპტოვალუტის ანალიზისა და მიდევნების სპეციალური პროგრამები, რაც გამომძიებლებს აქტივების აღმოჩენასა და ამოღებაში ეხმარება.