ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) დღეს საქართველოს შესახებ დებატებს გამართავს და რეზოლუციის პროექტს კენჭს უყრის. დოკუმენტი სახელწოდებით „დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“ ასამბლეას მომხსენებლები, ედიტე ესტრელა და საბინა ჩუდიჩი წარუდგენენ.

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის მიმართ ზეწოლა კვლავ პრობლემად რჩება. დოკუმენტის ავტორების შეფასებით, ასამბლეის მიერ ადრე გაცემული სასწრაფო რეკომენდაციებიდან არცერთი არ შესრულებულა.

პროექტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხს. ასამბლეა მიიჩნევს, რომ მსგავსი ნაბიჯი დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება და ხელისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის გაწვევისკენ მოუწოდებს.

დოკუმენტში ასევე საუბარია პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის მიმართ ზეწოლაზე, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე, ასევე ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონების გაუქმების აუცილებლობაზე.

რეზოლუციის პროექტი ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიწყოს ფართო და ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგი ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, რათა ქვეყანაში აღდგეს თავისუფალი და დემოკრატიული პოლიტიკური გარემო.

დოკუმენტში ასევე გამოთქმულია შეშფოთება საპროტესტო აქციების დროს პოლიციის შესაძლო ძალადობის, დემონსტრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობისა და ამ ფაქტებზე ეფექტიანი გამოძიების არარსებობის გამო. ასამბლეა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, თბილისში საპროტესტო აქციების დაშლისას შესაძლოა აკრძალული ქიმიური ნივთიერებები ყოფილიყო გამოყენებული და ამ საკითხზე დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

PACE-ის რეზოლუციის პროექტში ასევე ხაზგასმულია, რომ დინამიკური და პლურალისტური სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის აუცილებელი კომპონენტია და ხელისუფლებას შესაბამისი პირობების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.