ევროკომისიამ უკრაინისთვის გათვალისწინებული 90 მილიარდი ევროს მოცულობის სასესხო პროგრამის ფარგლებში პირველი ფინანსური ტრანში დაამტკიცა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა,  პოლონეთის ქალაქ გდანსკში, უკრაინის აღდგენის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე უკრაინა 3.2 მილიარდ ევროს მიიღებს, რომელიც ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად და უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების განვითარებისთვის იქნება გამოყენებული.

„დღეს ვიწყებთ ამ სესხის პირველი ნაწილის გადარიცხვას და მოხარული ვარ, რომ ამის შესახებ ოფიციალურად ვაცხადებ“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, უახლოეს პერიოდში ამოქმედდება კიდევ ერთი, 6 მილიარდი ევროს მოცულობის ფინანსური პაკეტი, რომელიც ასევე უკრაინაში დრონების წარმოების მხარდაჭერას მოხმარდება.