ყველასთვის ცხადია, რომ ევროპარლამენტი და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ერთმანეთისგან არსებითად აღარ განსხვავდება. ერთი და იგივე პოლიტიკური ჯგუფი მართავს ამ ორივე ინსტიტუციას და აქცევს იარაღად ქართველი ხალხის წინააღმდეგ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ორივე ინსტიტუციაში წამყვან ჯგუფს წარმოადგენს „ევროპის სახალხო პარტია“ და სხვა ასეთი ჯგუფები.
შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ორივე ეს ინსტიტუცია იმართება ერთი პოლიტიკური ცენტრიდან, რომელსაც თავისი მავნე გეგმები აქვს საქართველოსთან მიმართებით.
„ფაქტობრივად, არის ერთმანეთისგან გადაწერილი ტექსტები, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მომხსენებლები ერთ ჩატში არიან და მათ უზიარებენ და უგდებენ ტექსტებს, რომლებიც შემდეგ უნდა გაჟღერდეს სხვადასხვა რეზოლუციით, თუ ტექსტებით. ამიტომაც არის, რომ მაშინ, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი, სუვერენიტეტი, რომ ხალხმა თავად გადაწყვიტოს, ვინ იყოს მათი ხელისუფალი, დაარღვიეს და დღემდე არღვევს ამას პასე, რა თქმა უნდა, ჩვენი დელეგაცია არ მონაწილეობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილის განმარტებით, ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია არის ევროპული ინსტიტუტის პირველი ოფიციალური ტექსტი, სადაც მოხდა ღია თავდასხმა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე.
„სხვა შემთხვევებიც რომ გავიხსენოთ, ევროპარლამენტს, რომელსაც ყველაზე უხეშ, ყველაზე ანტიქართულ ნაბიჯს ადგმევინებენ ხოლმე, ამ შემთხვევაშიც მოასინჯინეს ნიადაგი საქართველოს ეკლესიაზე სამომავლო თავდასხმებისთვის. აქამდე თუ ეს თავდასხმები იყო ინდივიდუალური ხასიათის, გახსოვთ, გერმანელი პოლიტიკოსი, ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი, რომელიც თავს დაესხა ქართულ ეკლესიას, გახსოვთ სხვა მსგავსი ინდივიდუალური განცხადებები, დღეს ჩანს, რომ უკვე გადადიან ქართულ ეკლესიაზე თავდასხმის შემდეგ ეტაპზე და ევროპარლამენტს, როგორც ყველაზე მოძულებულ ინსტიტუციას, მოასინჯინეს ნიადაგი. ამიტომ მნიშვნელოვანია, ევროკომისია, საქართველოში ევროკავშირის ელჩი აქვე გაემიჯნოს მსგავს თავდასხმას. აქ პილატესავით ხელს ვერავინ დაიბანს ქართველი ხალხის და ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ამ უმსგავსო ქცევაში. ამიტომ, საქართველოს ეკლესიაზე ევროპარლამენტის მხრიდან თავდასხმისგან არგამიჯვნა ნიშნავს მასზე დათანხმებას და სამომავლოდ სწორედ ასე განვიხილავთ ამგვარ მიდგომას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ევროპარლამენტმა 17 ივნისს მიიღო აქართველოს შესახებ რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებული რეზოლუცია, რომელშიც საქართველოს ეკლესიასთან დაკავშირებით ნათქვამია: „საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ჯერ კიდევ წარმოადგენს გავლენიან ინსტიტუტს ქართულ საზოგადოებაში და მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოებრივი დისკურსის ჩამოყალიბებაში. გამოვთქვამთ შეშფოთებას რუსეთის მიერ რელიგიური ქსელების, როგორც დეზინფორმაციისა და გავლენის გავრცელების არხების გამოყენების შესახებ მთელ საქართველოში, პროევროპული ორიენტაციისა და დემოკრატიული მდგრადობის შელახვის მიზნით; საქართველოს ეკლესიის შიგნით ზოგიერთი სასულიერო პირი ამ ინსტრუმენტალიზაციას წინააღმდეგობას უწევს და საჯაროდ გამოდის როგორც რუსული გავლენის, ასევე „ქართული ოცნების“ მმართველობის პოლიტიკის წინააღმდეგ. ხაზგასმულია, რომ ქართული მართლმადიდებელი საეპარქიო სტრუქტურები და სამრევლოები ევროკავშირის ტერიტორიაზეც არსებობს, რაც ტრანსნაციონალური დეზინფორმაციის წინააღმდეგ სიფხიზლისა და გამძლეობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს“.