საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას, ყურადღება გაამახვილა ეკონომიკურ ზრდაზე, მოსახლეობის შემოსავლებზე, საშუალო ხელფასზე, უცხოურ ინვესტიციებზე, სავალუტო რეზერვებსა და ქვეყნის საერთაშორისო ეკონომიკურ პოზიციებზე.
„ტაბლოზე თუ არის ანგარიში 7:1, ამ კრიტიკას დიდი ფასი არ აქვს“
პრემიერის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები ხელისუფლების საქმიანობის საუკეთესო შეფასებაა.
„ციფრები არის ის, რაც ჩვენს ოპონენტებს ყველაზე მეტად არ უყვართ, რადგან ციფრები თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. არ სჭირდება ციფრებს განსაკუთრებული ანალიზი. შეიძლება გაგაკრიტიკონ ბევრი რამისთვის, როდესაც ფეხბურთს თამაშობ, “პასებში ჰქონდა ხარვეზები” და ა.შ. თუმცა ტაბლოზე თუ არის ანგარიში 7:1, ამ კრიტიკას დიდი ფასი არ აქვს.
მე შემიძლია გითხრათ, რა ანგარიშით დასრულდა გასული წელი ჩვენი ქვეყნისთვის. არა ჩვენთვის მთავრობისთვის, ხელისუფლებისთვის სუბიექტურად, არამედ რა ანგარიშით დასრულდა ეს წელი ჩვენი ქვეყნისთვის, როგორი იყო ქვეყნის წინსვლა და პროგრესი გასული ერთი წლის, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.”
ეკონომიკა პირველად 100 მილიარდ ლარს გადასცდა
ირაკლი კობახიძის თქმით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 7,5%-ით გაიზარდა.
,,ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გასულ 2025 წელს გაიზარდა 7,5 პროცენტით. ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა 3,9 მილიარდი დოლარით გასული ერთი წლის განმავლობაში, რაც არის შთამბეჭდავი მაჩვენებელი.
პირველად ისტორიაში საქართველოს ეკონომიკა გადასცდა 100 მილიარდ ლარს და შეადგინა 104,6 მილიარდი ლარი. მინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში ჩვენ დაგვხვდა ეკონომიკა 28 მილიარდ ლარზე ნაკლები და სულ რაღაც 5 წლის წინ, 2020 წელს ჩვენი ეკონომიკა იყო 50 მილიარდზე ნაკლები. ეს ნიშნავს იმას, რომ გასული 5 წლის განმავლობაში ლარში ჩვენი ეკონომიკა გაორმაგდა, დოლარში კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად მოვახერხეთ ლარის კურსის დასტაბილურება, გამყარება. შესაბამისად, გვაქვს ზრდის შთამბეჭდავი მაჩვენებლები როგორც 5 წლის ჭრილში, ასევე გასული წლის განმავლობაში. დოლარში 2020 წელს ჩვენი ეკონომიკა იყო 16 მილიარდი, ხოლო 2025 წელს გახდა 38,1, რაც ნიშნავს იმას, რომ დოლარში უფრო შთამბეჭდავია ჩვენი ზრდის მაჩვენებელი.”
პრემიერის ინფორმაციით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 9,3% შეადგინა.
„რომ ავიღოთ იანვარ-აპრილის მონაცემები, ზრდამ შეადგინა წელს უკვე 8,2 პროცენტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი არის შენარჩუნებული მიმდინარე წელსაც და ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება.”
„ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება მოსახლეობაზე“
მთავრობის მეთაურმა მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზეც ისაუბრა.
„ასევე გვაქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდის საშუალოვადიანი პროგნოზი, რომლის თანახმადაც, 2026-2031 წლებში საქართველოს ექნება ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, როგორც რეგიონში, ასევე მთლიანად, ევროპის მასშტაბით. ეს პროგნოზი ეფუძნება კონკრეტულ მაჩვენებლებს, იმ ტენდენციებს, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას გასული ხუთი წლის განმავლობაში.
ხშირად ისმება კითხვა, რამდენად აისახება მოსახლეობაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ამის ერთ-ერთი საუკეთესო ინდიკატორია გადახდილი საშემოსავლო გადასახადები. საშემოსავლო გადასახადს იხდის დაახლოებით ჩვენი მილიონი თანამოქალაქე, დაქირავებით დასაქმებული თითქმის ყველა პირი. 2012 წელს ჩვენი მოსახლეობა საშემოსავლო გადასახადის სახით იხდიდა 1 მლრდ 764 მლნ ლარს. 2020 წელს ეს მაჩვენებელი გახდა 3 მლრდ 326 მლნ ლარი და შარშან ეს მაჩვენებელი იყო 8 მლრდ 261 მლნ ლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ დაბეგვრის შემდეგ ჩვენი მოსახლეობის შემოსავლები შეადგენს 33 მლრდ ლარზე მეტს. როდესაც იგივე მაჩვენებელი 2020 წელს იყო 13, 3 მლრდ. 13, 3 მლრდ-დან მოსახლეობის შემოსავალი გაიზარდა და გადასცდა 33 მილიარდს, 2012 წელს კი ეს მაჩვენებელი იყო 7,1 მილიარდი ლარი. ეს ნიშნავს, რომ ის ეკონომიკური ზრდა, რაც აქვს ქვეყანას, პირდაპირ აისახება მოსახლეობაზე.”
საქართველო და მოლდოვა – ეკონომიკური შედარება
ირაკლი კობახიძემ საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები მოლდოვასაც შეადარა.
„ჩვენ ვადარებთ ხოლმე ჩვენს ეკონომიკას მოლდოვის ეკონომიკას, რომელიც არის ასევე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. მინდა გითხრათ, რომ ამ ხუთი წლის განმავლობაში სხვაობა საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკებს შორის გაიზარდა 13,5 მილიარდი დოლარით. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვაობა ჩვენს ბიუჯეტებს შორის გაიზარდა 3,5 მილიარდი დოლარით. თქვენ იცით, რომ მოლდოვას ამადლიან სესხებს, რომლებსაც აძლევენ ამ წლების განმავლობაში. ეს სესხებიც არ შველის მოლდოვას იმაში, რომ გააუმჯობესოს საკუთარი ეკონომიკური მაჩვენებლები. ამ 5 წლის განმავლობაში მოლდოვა ეკონომიკებს შორის სხვაობით გავასწარით 13,5 მილიარდი დოლარით, ბიუჯეტებს შორის 3,5 მილიარდი დოლარით, რაც თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს.”
საშუალო ხელფასი 2 283 ლარამდე გაიზარდა
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2025 წელს გაიზარდა მოსახლეობის საშუალო ხელფასიც.
„მინდა შეგახსენოთ, რომ 2020 წელს საშუალო ხელფასი იყო 1191 ლარი და 5 წლის თავზე საშუალო ხელფასი გაორმაგებულია. ესეც არის კიდევ ერთი უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ერთმანეთს შევადაროთ საშუალო ხელფასის ზრდა და ინფლაციის მაჩვენებლები. რომ ავიღო ბოლო 3 წლის მაჩვენებლები, ამ პერიოდის განმავლობაში, სამომხმარებლო ფასები საქართველოში გაიზარდა 6.4%-ით. უშუალოდ ფასები სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე 3 წელიწადში გაიზარდა 9.7%-ით. იგივე პერიოდში მოსახლეობის საშუალო ხელფასი გაიზარდა 47.9%-ით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ინფლაციის ოპტიმალური მაჩვენებელი და ამასთან ერთად, საშუალო ხელფასის ზრდა ამ 3 წლის განმავლობაში 7.5-ჯერ ასწრებდა ინფლაციას, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია. ბუნებრივია, ეკონომიკურ ზრდას ფასი არ აქვს, თუ არის ჭარბი ინფლაცია. ამ შემთხვევაში ეს მონაცემები პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ საშუალო ხელფასის ზრდა 7.5-ჯერ ასწრებდა ინფლაციას.”
ინვესტიციები, ლარის კურსი და სავალუტო რეზერვები
პრემიერის ინფორმაციით, 2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 7,6%-ით გაიზარდა და დაახლოებით 1,7 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი 42,4%-მდე შემცირდა.
„2,65-ის ფარგლებში სტაბილურად ნარჩუნდებოდა ლარის კურსი და ახლა 2,65-ზე ქვემოთ არის ჩამოსული.
სავალუტო რეზერვებმა ამის პარალელურად მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს და გადააჭარბა 7 მილიარდ დოლარს. მხოლოდ გასულ თვეში, მაისში, ეროვნულმა ბანკმა შეისყიდა რეკორდული ოდენობის 633 მილიონი დოლარის სავალუტო რეზერვები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს ეროვნულ ბანკს გადავუხადო მადლობა გაწეული საქმიანობისთვის.“
ევროობლიგაციები და ბიუჯეტის გამჭვირვალობა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო აქტიურად მუშაობდა საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე.
,,28 იანვარს ფინანსთა სამინისტრომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების ევროობლიგაციები განათავსა. მოთხოვნა 5,5-ჯერ აღემატებოდა გამოსაშვებ მოცულობას, რაც მეტყველებს ბუნებრივია, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური პერსპექტივის მიმართ ინვესტორების ნდობაზე. კუპონის განაკვეთმა შეადგინა 5,125 პროცენტი.
ასევე 21 მაისს ფინანსთა სამინისტრომ 400 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ობლიგაციები გამოუშვა. მოთხოვნა ამ შემთხვევაში 4,5-ჯერ აჭარბებდა გამოსაშვებ მოცულობას. კუპონის განაკვეთი იყო 9 პროცენტი. ასევე კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ინარჩუნებს მსოფლიოში პირველ ადგილს ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით.”
პრემიერის თქმით, ფინანსთა სამინისტრო საანგარიშო პერიოდში აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის აზიის განვითარების ბანკთან, მსოფლიო ბანკთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან.
„მთლიანობაში ფინანსთა სამინისტრომ გასწია ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გასული ერთი წლის განმავლობაში, რისთვისაც ფინანსთა მინისტრს მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო.“