თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ლოტკინის დასახლებაში არსებულ რეკრეაციულ სივრცეში ბავშვის დაშავების ფაქტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მომხდარი ვანდალიზმის შედეგია და პასუხისმგებლობა იმ პირს დაეკისრება, ვისი ბრალეულობაც გამოძიებით გამოიკვეთება.

მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და ამ ეტაპზე თემაზე დეტალურად საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტს არაერთი ვიდეომასალა აქვს, რომელიც რეაბილიტირებულ სივრცეებში ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულ დაზიანებას ასახავს.

„მე მიზანმიმართულად არ ვსაუბრობ ამ კონკრეტულ თემაზე, რადგან გამოძიება მიმდინარეობს. მე და თქვენ რომ მივიდეთ, ვერ დავაზიანებთ [ აღნიშნულ კონსტრუქციას]. ეს ის თემაა, სადაც მნიშვნელოვანია საზოგადოება გაერთიანდეს. აქ არ არის ერთი შეხებით დაზიანება. ჩემი თხოვნაა, შეეშვათ მანიპულაციებს, სიცრუის გავრცელებას. კონკრეტული ვანდალიზმის ფაქტი იყო, ასეთი ძალიან ბევრი ხდება. ვიდეოებს მიიღებთ. დღეში, ძალიან ბევრი ხდება ამ ტიპის ფაქტი. დარწმუნებული ვარ, თქვენ ტელევიზიებში ვერ იხილავენ ამ ფაქტებს. მხედველობაში მყავს „ტვ პირველი“ და „კეზერა ტვ“. საზოგადოებას არ მიაწვდით ინფორმაციას. თავისით არაფერი ზიანდება. გადავხედოთ, 2017 წლიდან რამდენი რეკრეაციული სივრცე გაკეთდა… სხვადასხვა ტიპის პროექტი ხორციელდება…როდესაც დაზიანება ხდება, ამას მოჰყვება რეაგირება. მე რომ მიკროფონი გამოგართვათ და თავში ჩაგარტყათ, რომ გითხრათ, არაფერ შუაში ვარ, რადგან მიკროფონი მყარად არ გეჭირათ, იგივე შედარებას აკეთებთ. „ყველაფერი ჩემი ბრალია“ ეს გინდათ, თქვენ. დამშვიდდით, „ყველაფერი ჩემი ბრალია“.

კალაძის განცხადებით, ყველა პასუხისმგებელი პირი კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

„ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება, პასუხისმგებლობა დაეკისრება. ვანდალიზმი მიუღებელია! რამდენიმე ადამიანის კონკრეტულ ქმედებას და ვანდალიზმს, როდესაც სხვას აზიანებ, რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა მან.

თბილისის მერის შეფასებით, განსაკუთრებით საგანგაშოა, როდესაც ინფრასტრუქტურას მოზარდები განზრახ აზიანებენ.

„ეს არის მავნებლობა! დანაშაული და მიუღებელია ასეთი ფაქტები. რაც კეთდება საერთო მოხმარების არის და ყველა უნდა გაუფრთხილდეს“, – აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, ნაძალადევის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, ლოტკინის დასახლებაში მდებარე რეკრეაციულ სივრცეში რამდენიმე მოზარდმა ატრაქციონი დააზიანა, რის შედეგადაც წაქცეული კონსტრუქცია მოპირდაპირე მხარეს მჯდომ ბავშვს დაეცა. დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მან მძიმე დაზიანებები მიიღო.