უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით დრონებით მასშტაბური შეტევები განახორციელეს მოსკოვზე, ტულის ოლქსა და ოკუპირებულ ყირიმზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის, ბრიანსკის, კურსკის, ორიოლის, კალუგის, ლიპეცკის, როსტოვის, ვორონეჟის, ტულის, რიაზანის, ასტრახანისა და მოსკოვის ოლქებში, ასევე დედაქალაქ მოსკოვში, ანექსირებულ ყირიმსა და შავი და აზოვის ზღვების თავზე, საერთო ჯამში 660 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

„ტელეგრამ“ არხ Astra-ს ცნობით, ტულის ოლქის ქალაქ ნოვომოსკოვსკში დრონებით თავდასხმის სამიზნე ქიმიური ქარხანა „აზოტი“ გახდა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ქალაქში მთელი ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა. ქარხნის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, „აზოტი“ რუსეთში ამიაკისა და აზოტოვანი სასუქების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია.

ტულის ოლქის გუბერნატორის, დიმიტრი მილაევის განცხადებით, რეგიონზე განხორციელებული მასშტაბური შეტევის შედეგად შჩეკინოს რაიონში კერძო საცხოვრებელი სახლი დაზიანდა და ერთი ქალი დაშავდა. მისივე თქმით, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და სამრეწველო ობიექტი ნოვომოსკოვსკში. გუბერნატორი აცხადებს, რომ ოლქში რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 157 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

დრონებით შეტევის გამო დროებითი შეზღუდვები დაწესდა მოსკოვის დომოდედოვოს, ვნუკოვოსა და შერემეტიევოს აეროპორტებში.

შეტევების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება ოკუპირებული ყირიმიდანაც. ადგილობრივი მოსახლეობა იუწყება, რომ თავდასხმა განხორციელდა ქერჩის მიმართულებით. ამასთან, NASA-ს FIRMS-ის მონიტორინგის სისტემამ Pantsir S-1-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგების ტერიტორიასა და ერთ-ერთ აეროდრომზე ხანძრის კერები დააფიქსირა.