პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, პარლამენტში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ძალადობა „ქართული ოცნების“ სისტემურ პრობლემად იქცა და მმართველი გუნდის იმიჯს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს, რომ პარლამენტში პირდაპირ ეთერში ჩანდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან, მისი შეფასებით, წინასწარ ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა, რომელიც გენერალური პროკურორისა და შინაგან საქმეთა მინისტრის თანდასწრებით მიმდინარეობდა.
მისივე თქმით, გუშინდელი მოვლენების შედეგად, „ქართული ოცნების“ მცდელობა, საკუთარი თავი ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლ ძალად წარმოეჩინა, სრულად დაინგრა.
სიჭინავა ასევე აცხადებს, რომ პარლამენტში მომხდარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, მისი შეფასებით, ხელისუფლების მიზანი განსხვავებული აზრის ჩახშობაა, ხოლო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს არ ჰქონდა პასუხები ქვეყნის მთავარ სოციალურ, ეკონომიკურ და საგარეო გამოწვევებზე.
„მოკლედ რომ შევაჯამოთ, გუშინ იმ დარბაზიდან პოლიტიკურად „გალახული“ და რეპუტაციაშერყეული მხოლოდ „ქართული ოცნება“ გამოვიდა“, – წერს ბერდია სიჭინავა.