„ოპოზიციის ალიანსი“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მის ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხოშტარია უკვე მეათე თვეა პატიმრობაში იმყოფება და, ალიანსის შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო თვეების განმავლობაში უწყვეტად უარესდება. მათი თქმით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ქრონიზებული ტკივილი აქვს, რომლის მართვაც პენიტენციურ დაწესებულებაში ვერ ხერხდება.

„ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებით, რეალობას არ შეესაბამება ხელისუფლების წარმომადგენელთა პოზიცია, თითქოს ელენე ხოშტარია საჭირო სამედიცინო დახმარებას იღებს. მათივე შეფასებით, ის მოკლებულია სისტემურ და შედეგზე ორიენტირებულ მკურნალობას.

ალიანსი მიიჩნევს, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ერთადერთი გზა მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა, სადაც შესაძლებელი იქნება კომპლექსური კვლევების ჩატარება, დიაგნოზის დადასტურება და შესაბამისი მკურნალობის უზრუნველყოფა.

„ვაცხადებთ, რომ ელენეს ჯანმრთელობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. ჩვენ ვიბრძვით თითოეული პოლიტპატიმრისა და საქართველოს თავისუფლებისთვის გამარჯვებამდე“, – ნათქვამია განცხადებაში.