უკრაინული მედია ,,ტელეგრამ” არხებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის კრასნოდარის მხარეში, ქალაქ ყუბანის სლავიანსკში, უკრაინის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.

თავდასხმის ფაქტი კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმაც დაადასტურა. უწყების ცნობით, ხანძარი უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნამ გამოიწვია.

„ყუბანის სლავიანსკში უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გამოიწვია. გარდა ამისა, ნამსხვრევებმა ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა და კერძო საცხოვრებელ სახლში ფანჯრები ჩაამსხვრია“, – აცხადებენ ოპერატიულ შტაბში.

შპს „სლავიანსკ-ეკო“, რომელიც ქალაქ ყუბანის სლავიანსკში მდებარეობს, რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა.