ისრაელის სამხედროებმა ლიბანის სამხრეთში, სოფელ მაჯდალ ზუნში, დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მიწისქვეშა სამხედრო ინფრასტრუქტურა გაანადგურეს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, ოპერაციის შესახებ წინასწარ ინფორმირებული იყო აშშ. თავდასხმის სამიზნე დაახლოებით 200 მეტრის სიგრძის მიწისქვეშა გვირაბი იყო.
ისრაელის მხარის ინფორმაციით, გვირაბში ასობით ერთეული შეიარაღება და სარაკეტო გამშვები მოწყობილობა ინახებოდა.
საპასუხოდ, „ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ ისრაელის იერიშები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევაა. დაჯგუფების განცხადებით, ისინი ყურადღებით აკვირდებიან ყველა მსგავს ქმედებას და იტოვებენ უფლებას, „დაიცვან თავიანთი სამშობლო და ხალხი“.