პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართეს და მოითხოვეს 26 ივნისს პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყება.
როგორც პარტიის დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა განაცხადა, მათი შეფასებით, პარლამენტში განვითარებული მოვლენები „ორგანიზებულ ძალადობას“ წარმოადგენდა და მიზნად ისახავდა მათ მიმართ ზეწოლას, რაც, მისი თქმით, უკავშირდებოდა პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მიმართ დასმულ მწვავე კითხვებს.
ხვედელიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტის ამსახველი კადრები საჯაროდ გავრცელდა და ადგილზე სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, ამ დრომდე გამოძიება არ დაწყებულა და პასუხისმგებელი პირები არ არიან იდენტიფიცირებულნი.
მისი განცხადებით, პარტია ელოდა პროკურატურის რეაგირებას რამდენიმე დღის განმავლობაში, თუმცა უწყების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა.
ტატა ხვედელიანმა ასევე ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და სამართლებრივ გარემოზე და აღნიშნა, რომ პარტია ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს, რათა მათი შეფასებით, „დაიცვას მოქალაქეების უფლებები და ღირსება“.
ცნობისთვის, 26 ივნისს საქართველოს პარლამენტში სხდომის დროს „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებსა და „ქართული ოცნების“ წევრებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.