კატარში აშშ-სა და ირანს შორის მაღალი დონის შეხვედრის გამართვა არ იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მაჯედ ალ ანსარის განცხადებით, ამერიკისა და ირანის წარმომადგენლებს შორის ოფიციალური შეხვედრის შესახებ გავრცელებული ცნობები არ შეესაბამება რეალობას.

ამასთან, ალ ანსარის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი დღეს დოჰაში ჩავლენ. მისი ინფორმაციით, ისინი კატარის წარმომადგენლებს შეხვდებიან და მხარეები ირანთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელების საკითხებს განიხილავენ.

ცნობისთვის, მანამდე დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დოჰაში სამშაბათს გაიმართებოდა. თუმცა მოგვიანებით ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში თეირანსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებები დაგეგმილი არ არის.