გიგა ავალიანის საქმეზე ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ბრალდებით დაკავებული გიორგი მალანიას ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ ბრალის გადაკვალიფიცირება კითხვებს ბადებს.
ადვოკატის თქმით, ორი დღის წინ დაკავების ოქმში ბრალდების საფუძვლად შეუტყობინებლობა იყო მითითებული, თუმცა მალევე ბრალი უფრო მძიმე მუხლით შეიცვალა.
„პროკურორი, რომელმაც ორი დღის წინ დაკავების ოქმში მიუთითა შეუტყობინებლობის ბრალდება, ორი დღის შემდეგ სპონტანურად იღებს გადაწყვეტილებას და ბრალს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებით წარადგენს“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
მისი თქმით, დაცვის მხარე ამ ეტაპზე სრულად არ იცნობს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რადგან მასალები მოცულობითია და მხოლოდ რამდენიმე წუთის წინ გადაეცა.
ადვოკატის განცხადებით, საქმე დაახლოებით 35 ტომს მოიცავს და დეტალური შესწავლა ჯერ არ დასრულებულა.
ცუცქირიძემ ასევე აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებულს არ ჰქონია პირდაპირი კავშირი საქმეზე უკვე მსჯავრდებულ პირებთან და მათთან ვიზუალური ან პირადი ნაცნობობაც არ ჰქონია.
„გიორგი მალანია არა თუ არ იცნობდა მათ, არამედ ვიზუალურადაც არ იცოდა, ვინ იყვნენ“, – განაცხადა ადვოკატმა.
მისი თქმით, პროკურატურის ვერსია, თითქოს მალანიამ სხვებს დაზარალებულის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, მხოლოდ ბრალდების მხარის შეფასებაა და დასტურდება უნდა სასამართლო პროცესზე.
ცნობისთვის, გიორგი მალანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას გულისხმობს და 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.