„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი სიორიძის განცხადებით, საქართველოში ფასების ზრდის კრიზისი გრძელდება და ხელისუფლებამ მოსახლეობისთვის დაპირებული ფასების შემცირება ვერ უზრუნველყო.

მისი თქმით, მიუხედავად მთავრობის განცხადებებისა, ქვეყანაში ინფლაცია და ფასების ზრდა კვლავ მაღალია.

„ირაკლი კობახიძის მიერ დაანონსებული ფასების შემცირების ნაცვლად საქართველოში ყველაფერი ძვირდება. საქსტატის ცნობით, წლიურმა ინფლაციამ 5.8%-ს მიაღწია“, – განაცხადა სიორიძემ.

მისი თქმით, სხვადასხვა პროდუქტზე ფასების ზრდა განსაკუთრებით თვალსაჩინოა, მათ შორის პურზე, ხორცზე, ხილზე, ზეთსა და თევზეულზე.

სიორიძის განცხადებით, არსებული ეკონომიკური პოლიტიკა ვერ ახდენს მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესებას და სიღარიბის შემცირებას.

„საქართველოში ფასების კატასტროფული ზრდა მოქალაქეებს კიდევ უფრო მეტად აღარიბებს. პენსიები მხოლოდ 20%-ით გაიზარდა, მაშინ როცა მაღალჩინოსნების ხელფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა“, – აღნიშნა მან.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის თქმით, ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ნაკლებობა და დაბალი დასაქმება პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს.

სიორიძემ ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ ფასების შემცირების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები არაეფექტიანია და „პროპაგანდისტულ ხასიათს ატარებს“.

მისივე თქმით, პრობლემის გადაჭრის გზა არის საგადასახადო პოლიტიკის ცვლილება, მათ შორის საწვავის აქციზის შემცირება და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე დღგ-ის შემცირება, ასევე საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.