ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალეკო ელისაშვილის მამა, ვალერი ელისაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილის მიმართ მიმდინარე სამართლებრივი პროცესი პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.

მისი თქმით, ალეკო ელისაშვილს ვერ აპატიეს არც პოლიტიკურ ოპონენტზე განხორციელებული თავდასხმა და არც მისი უკრაინაში ომში წასვლა.

„ალეკოს დაკავების მიზანი იყო მისი დასჯა. ეს არის ანგარიშსწორება… ვერ აპატიეს ვერც უკრაინის ომში წასვლა“, – განაცხადა ვალერი ელისაშვილმა.

მისი შეფასებით, მისი შვილი ისჯება კონკრეტული პოლიტიკური ფიგურის მიმართ განხორციელებული ქმედების გამო და საქმე პოლიტიკურ კონტექსტშია მოქცეული.

„ეს მუშტი ვერ აპატია ვერც ბატონმა მდინარაძემ და ვერც „ქართულმა ოცნებამ“. ეს არის პოლიტიკური დევნა“, – აღნიშნა მან.

ვალერი ელისაშვილის თქმით, მისი შვილის მიმართ ბრალდებები თავდაპირველად სხვისი ნივთის დაზიანებას ეხებოდა, თუმცა მოგვიანებით უფრო მძიმე კვალიფიკაციით შეიცვალა.

მისი განმარტებით, ბრალის დამძიმება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს უკავშირდება.

ამასთან, ელისაშვილის მამამ სასამართლო პროცესზე მის მიერ მიწოდებულ ჩვენებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქმეს პოლიტიკურ შურისძიებად აღიქვამს.

„ეს არის რეზონანსული საქმე და მე ასე ვთვლი , ეს არის პოლიტიკური დევნა“, – განაცხადა მან.