აიათოლა ალი ხამენეის გამოსამშვიდობებელ და დაკრძალვის ცერემონიებს 100 ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან, მათ შორის სახელმწიფოთა მეთაურები, პარლამენტების თავმჯდომარეები, საგარეო საქმეთა მინისტრები და მთავრობების სპეციალური წარმომადგენლები. ამის შესახებ, ირანული მედიის ცნობით, ირანის პარლამენტის სპიკერმა ესმაილ ბაღაიმ განაცხადა.
მისი თქმით, ხსოვნისა და გამოსამშვიდობებელი ცერემონია პარასკევს, 3 ივლისს, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყება, რომელშიც მაღალი თანამდებობის პირები და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
„იმავე დღეს, შუადღისას, ცერემონიას სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები და პოლიტიკური ფიგურები დაესწრებიან“, – განაცხადა ესმაილ ბაღაიმ.
ბაღაის განცხადებით, აიათოლა ალი ხამენეის გამოსამშვიდობებელი ცერემონიები 4 და 5 ივლისსაც გაგრძელდება თეირანში, იმამ ხომეინის მუსალაში, ხოლო დაკრძალვის პროცესია დედაქალაქში 6 ივლისს გაიმართება.
მისივე ინფორმაციით, 7 ივლისს გამოსამშვიდობებელი პროცესია წმინდა ქალაქ ყუმში გაიმართება, ხოლო დასკვნითი ცერემონია 9 ივლისს წმინდა ქალაქ მაშჰადში ჩატარდება, სადაც აიათოლა ალი ხამენეის იმამ რეზას წმინდა სალოცავში დაკრძალავენ.