საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი დააკავეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მოქალაქეს სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის საქართველოში შემოტანაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 8 000 აშშ დოლარი მოსთხოვა.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებული წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილის – 4 000 აშშ დოლარის მიღებისთანავე დააკავეს.
უწყების განცხადებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის მსურველ პირებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან და აცხადებს, რომ სამართალდამცავი უწყებები მსგავს ფაქტებზე კანონის შესაბამისად რეაგირებას გააგრძელებენ.