ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალეკო ელისაშვილის უფლებადამცველებს განუმარტა, რომ მათ მიერ მოთხოვნილი ექსპერტიზის ჩატარება ვერ განხორციელდება.

საქმე ეხება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის საქმეზე დაცვის მხარის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც ექსპერტებს უნდა ეპასუხათ კითხვაზე – გამოიწვევდა თუ არა სასამართლოს ეზოში მდებარე მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში და ინვენტარზე, ასევე შენობაზე ბენზინის დასხმასა და ცეცხლის წაკიდებას სრული დაწვისა და განადგურების შედეგს.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს განმარტებით, დასმული კითხვები ეფუძნება მოვლენათა განვითარების ჰიპოთეზურ სცენარს. უწყების თქმით, რადგან არ არსებობს ხანძრის რეალური ფაქტი და დამწვარი ობიექტიდან მიღებული საკვლევი მასალა, მსგავსი ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელია.

ბიუროს პასუხში აღნიშნულია, რომ სახანძრო ექსპერტიზის კვლევის ძირითადი მიმართულებები მოიცავს ხანძრის კერის დადგენას, მისი გაჩენისა და განვითარების მიზეზების შესწავლას, ასევე შემთხვევის ადგილიდან აღებული ნიმუშების ანალიზს.

უწყების განმარტებით, რადგან მოცემულ შემთხვევაში საქმე ეხება მხოლოდ თეორიულ და ჰიპოთეზურ შეფასებებს, არსებული მეთოდოლოგიით მათი შეფასება შეუძლებელია, რის გამოც მოთხოვნილი ექსპერტიზა ვერ ჩატარდება.