მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის გამოყოფილ საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარების ბრალდებით დაკავებულ გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართული სხდომა დახურულ რეჟიმში გაიმართა, რადგან ბრალდებული არასრულწლოვანია. პროცესს გიორგი მალანიაც ესწრებოდა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილს, გიორგი მალანიას, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე და 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას გულისხმობს და 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდების ვერსიით, გიორგი მალანიამ, რომელიც გიგა ავალიანის მოსწავლე იყო, ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანს მასწავლებლის სამუშაო და საცხოვრებელი მისამართების, ასევე მისი გადაადგილების მარშრუტისა და სამუშაო გრაფიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული მონაცემების საფუძველზე ბრალდებულებმა შეარჩიეს თავდასხმის ადგილი და დაიწყეს ავალიანზე თვალთვალი.
გამოძიების მასალების თანახმად, 2025 წლის 1 ოქტომბერს წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს. მიყენებული მძიმე დაზიანებების შედეგად ავალიანი 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე და დემეტრე ჩიქოვანი უკვე მსჯავრდებულები არიან.