აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ქვეყნის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილესთან დაკავშირებით რაშმორის მთაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები „კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული და გამორჩეული სახელმწიფოა“.

„ჩვენ დიდებული დამოუკიდებლობისა და დიდებული ამერიკული თავისუფლების 250 წელს აღვნიშნავთ. ამერიკის შეერთებული შტატები ყველაზე წარმატებული და ყველაზე გამორჩეული სახელმწიფოა კაცობრიობის ისტორიაში და ჩემთვის დიდი პატივია, რომ თქვენი პრეზიდენტი ვარ. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ამერიკულმა თავისუფლებამ 250 წელი მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი სიტყვებით არ გაძლო. თავისუფლებამ აქ იმ ხალხის კულტურისა და ხასიათის წყალობით გაიმარჯვა, ვინც ის გამოაცხადა, დაიცვა და შეინარჩუნა. არ არის აუცილებელი, რომ აქ იყოთ დაბადებული, მაგრამ უნდა გიყვარდეთ ის, რაც ჩვენ ავაშენეთ. ჩვენი ქვეყანა უნდა გიყვარდეთ“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ამერიკული იდენტობა ახალი თავდასხმის ქვეშ არის“ და განაცხადა, რომ ქვეყანაში კომუნისტური იდეების გავლენის გაძლიერების მცდელობა მიმდინარეობს.

„ჩვენს ქვეყანაში კომუნისტური საფრთხე კვლავ გაცოცხლდა, მათ შორის იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ახლახან ჩამოვიდნენ და ჩვენი ცხოვრების წესთან შეუთავსებელ იდეებს იზიარებენ. ამერიკის შეერთებული შტატები კომუნისტური ქვეყანა არასდროს იქნება. შეგიძლიათ იყოთ კარლ მარქსის ერთგული ან აშშ-ის ერთგული. შეგიძლიათ იყოთ კომუნისტი ან პატრიოტი. ორივე ერთად ვერ იქნებით“, – განაცხადა ტრამპმა.

სიტყვით გამოსვლისას ტრამპი ირანსაც შეეხო. მისი თქმით, აშშ-მა ირანს ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვასთან დაკავშირებით „ერთკვირიანი შესვენება“ მისცა.

„მათ შეთანხმების მიღწევა ძალიან სურთ. ამის გაკეთება ძალიან სურთ. ჩვენ მათ დაკრძალვისთვის ერთი კვირით შესვენება მივეცით, რადგან კეთილები ვართ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.