პუტინის განცხადება, თითქოს რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქში კონსტანტინოვკა აიღეს, სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს.

გენშტაბის პრესსპიკერის, ანდრეი კოვალევის ინფორმაციით, კონსტანტინოვკა კვლავ უკრაინის თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშ რჩება.

მისივე თქმით, 3 ივლისს აღნიშნული მიმართულებით რუსეთის ძალებმა 11 შტურმი განახორციელეს, თუმცა ქალაქის დაკავება ვერ შეძლეს.

„3 ივლისს აღნიშნული მიმართულებით მტერმა 11 შტურმი განახორციელა, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია. სანაცვლოდ, მტერი უმაღლესი თანამდებობის პირების მეშვეობით აშკარა დეზინფორმაციისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებას მიმართავს“, – განაცხადა კოვალევმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაერთიანებული ძალების ერთ-ერთ დამხმარე პუნქტში ვიზიტისას განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში კონსტანტინოვკა „აიღეს“.

პუტინის თქმით, „კონსტანტინოვკის გათავისუფლებას უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ქალაქი დონბასის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო და სამრეწველო ცენტრია.“