აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. რუსული მედიის ინფორმაციით, საუბარი დაახლოებით 90 წუთს გაგრძელდა.
კრემლის ცნობით, ლიდერებმა განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომი, მათ შორის ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება და კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების პერსპექტივები. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, საუბრისას ყურადღება ასევე დაეთმო 7-8 ივლისს თურქეთში დაგეგმილ ნატო-ს სამიტს, რომელშიც დონალდ ტრამპის მონაწილეობაც განიხილეს.
უშაკოვის თქმით, ვლადიმერ პუტინმა ტრამპს ფრონტზე არსებული ვითარების საკუთარი შეფასება გააცნო და განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები შეტევას აგრძელებენ. მისივე ინფორმაციით, პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოსკოვი კონფლიქტის დიპლომატიური გზით დასრულების მომხრეა, თუმცა, მისი განცხადებით, ეს უნდა მოხდეს რუსეთისთვის „ფუნდამენტური მნიშვნელობის“ საკითხების გათვალისწინებით.
კრემლის წარმომადგენლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ აშშ მზად არის ხელი შეუწყოს უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. უშაკოვის განცხადებით, ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, გააგრძელებენ მედიაციის ძალისხმევას და საჭიროების შემთხვევაში მოსკოვშიც ჩავლენ.
საუბრისას ლიდერებმა ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებაც განიხილეს. კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი რეგიონში სტაბილურობის მხარდაჭერას გააგრძელებს და იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებები ორივე მხარისთვის მისაღებ გრძელვადიან შედეგამდე მივა.
რუსული მედიის ცნობით, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში კვლავ გამართავენ სატელეფონო საუბარს.