აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულება „უფრო ახლოსაა, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია“. მისი თქმით, საკითხი ამ კვირაში თურქეთში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზეც იქნება განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ტრამპმა აღნიშნული განცხადება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შაბათ-კვირას გამართული სატელეფონო საუბრების შემდეგ გააკეთა.
„ვფიქრობ, ომის დასრულებას გაცილებით უფრო ვუახლოვდებით, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია. პრეზიდენტ პუტინს სურს, რომ ეს დასრულდეს და ამას სრული დარწმუნებით ვამბობ“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან. მისი თქმით, პუტინთან „კარგი სატელეფონო საუბარი“ ჰქონდა.
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინსა და ტრამპს შორის საუბრის შემდეგ აშშ-ის პოზიცია უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მოგვარების საკითხთან დაკავშირებით უცვლელი რჩება.
ამასთან, Financial Times-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ, მისი შეფასებით, ტრამპი კონფლიქტს ახლა განსხვავებული ხედვით უყურებს, რაც უკრაინის ბოლოდროინდელ სამხედრო წარმატებებს უკავშირდება.