რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყნის ენერგოსისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდგრადია, მიუხედავად, მისი თქმით, ეკონომიკისთვის ზიანის მიყენებისკენ მიმართული „მტრული მცდელობებისა“.

„აშკარაა, რომ მტერი ცდილობს, ზიანი მიაყენოს ეკონომიკას და საზოგადოებაში დაძაბულობა შექმნას. ყველას გვესმის, რომ ამ მიზანს ვერ მიაღწევს. რუსეთის ენერგოსისტემა ძალიან მდგრადია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი“, – განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აგროსექტორის საწვავით მომარაგებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე პრობლემები არ არსებობს და სექტორი სრულად არის უზრუნველყოფილი. პუტინმა მთავრობის წევრებს გადაწყვეტილებების უფრო სწრაფად მიღებისკენ მოუწოდა.

იმავე სხდომაზე რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკი განაცხადა, რომ რუსეთმა 8 ივლისიდან დიზელის ექსპორტზე დროებითი აკრძალვა დააწესა, რომელიც 31 ივლისამდე იმოქმედებს.

ნოვაკის თქმით, ივლისში რუსეთი სხვა ქვეყნებიდან საწვავის იმპორტსაც დაიწყებს, რათა შიდა ბაზარზე არსებული ვითარება დასტაბილურდეს.

„ბენზინგასამართ სადგურებზე არსებული ვითარება მოსახლეობაში შეშფოთებას იწვევს. არსებული ამოცანების გადასაჭრელად და სიტუაციის დასასტაბილურებლად მთავრობა დამატებითი ნაბიჯების გადადგმას აგრძელებს“, – აღნიშნა ნოვაკმა.

ცნობისთვის, რუსეთში საწვავის კრიზისი მაისის ბოლოდან დაიწყო, უკრაინის მიერ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული დარტყმების ფონზე.