ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ თეირანი აშშ-სა და ირანს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის პირობებს ასრულებს. მინისტრმა აღნიშნული კომენტარი აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების საპასუხოდ გააკეთა.

„ირანი თავის სიტყვას ასრულებს, განსხვავებით აშშ-ის ე.წ. ხაზინის მდივნისგან, რომელიც არღვევს ურთიერთგაგების მემორანდუმის მე-9 პუნქტს“, – განაცხადა არაღჩიმ.

მისი თქმით, ირანი შეთანხმების ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს იცავს და არსებული პირობების შესრულებას აგრძელებს.

ცნობისთვის, აშშ-სა და ირანს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მე-9 პუნქტის თანახმად, ირანი საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე „ბირთვული პროგრამის ამჟამინდელ სტატუს კვოს შეინარჩუნებს“, ხოლო აშშ „არ დააწესებს ახალ სანქციებს და რეგიონში დამატებით ძალებს არ განათავსებს“.

აშშ-ის მიერ დაწესებული ახალი სანქციების დეტალები და მათი შესაძლო გავლენა მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე ამ ეტაპზე უცნობია.