სამართალდამცავებმა აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევი დააკავეს, რომელსაც ბრალად ედება თბილისში, საერთო საცხოვრებელ ბინაში, ასევე აზერბაიჯანის მოქალაქის, მისი ბიძაშვილის ფატიმა კარიმოვას მკვლელობა.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებული ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
შსს-ს განცხადებით, დაკავება თბილისის პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განახორციელეს.
„ბრალდებულის დაკავება თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან მჭიდრო კოორდინაციით, ასევე, თურქეთში საქართველოს პოლიციის ატაშეს უშუალო ჩართულობით განხორციელდა“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 ივნისს თბილისში, დროებით საცხოვრებელ ბინაში, ნათესავს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.
სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულის ვინაობა ოპერატიულად დაადგინა და მასზე ძებნა გამოცხადდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.