თბილისის მერმა და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რებრენდინგი წარმოუდგენელია.
კალაძემ აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა და „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, რებრენდინგის საკითხი „ბლეფი“ და „პიარულად შეფუთული ქმედებებია“.
„ვინ უნდა გააკეთოს რებრენდინგი? როგორ წარმოგიდგენიათ ამ კონკრეტული დაჯგუფების რებრენდინგი, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რაც 9 წლის განმავლობაში, 2012 წლამდე ხდებოდა საქართველოში. გვახსოვს, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ქართველ ხალხთან. რა რებრენდინგზე ვსაუბრობთ? ნახეთ, ვინ არიან ეს ადამიანები, როგორია მათი წარსული. როგორ უნდა შეიცვალოს მიხეილ სააკაშვილი? ეს არის „ბლეფი“, პიარულად შეფუთული ქმედებები“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, საზოგადოებას კარგად ახსოვს, რას წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და როგორ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა მოსახლეობის მიმართ.
„რეალობაში, ვიცით, რას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“ და რით იყო დაკავებული, როდესაც ხელისუფლებაში იყო. როდესაც პრეტენზია გაქვს, რომ პოლიტიკაში იყო, წარმოუდგენელია გქონდეს ის დამოკიდებულება ხალხთან, რაც მათ ჰქონდათ. დღეს აჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტია, როდესაც ოპოზიციაში იმყოფება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.