სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს შორის არსებულ ნეიტრალურ ზონაში საქართველოს ძებნილი მოქალაქე დააკავეს.
როგორც სუს-ის უფროსის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ, ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულს ბრალად ედება 2025 წლის 4 ოქტომბერს ორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვა.
მაღრაძის თქმით, გამოძიება ასევე მუშაობს დაკავებული პირისა და მისთვის დანაშაულებრივი დავალებების მიმცემი პირების კონტაქტების დადგენაზე ბაჩანა ახალაიასთან, პაატა ბურჭულაძესთან და 2025 წლის 4 ოქტომბრის დანაშაულის ორგანიზებაში ჩართულ სხვა პირებთან.
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული სპეციალური ღონისძიების შედეგად, რომელიც ბოლო ოთხი დღის განმავლობაში სამსახურის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით მზადდებოდა, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს შორის არსებულ ნეიტრალურ ზონაში დააკავეს ძებნილი საქართველოს მოქალაქე“, – განაცხადა მაღრაძემ.
მისივე განმარტებით, გასული წლის 4 ოქტომბერს სუს-ის თანამშრომლებმა თბილისის მახლობლად, ტყის მასივში, სპეციალურ სამალავში აღმოაჩინეს გადამალული ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და დეტონატორით აღჭურვილი ასაფეთქებელი ნივთიერებები.
გამოძიებით დადგენილია, რომ უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით, დაკავებულს შეძენილი ჰქონდა აღნიშნული საბრძოლო მასალა, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, 4 ოქტომბრის არეულობის ორგანიზატორებს დივერსიული აქტების მოსაწყობად უნდა გამოეყენებინათ.
სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით 2025 წლის 6 ოქტომბერს დაუსწრებლად წარედგინა. მეორე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა, ხოლო 8 ოქტომბერს პროკურორის დადგენილების საფუძველზე მის მიმართ ძებნა გამოცხადდა.
უწყების განცხადებით, გამოძიება დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებაზე დივერსიული აქტის ან საზღვრის უკანონო კვეთის მომზადების მიმართულებითაც მუშაობს.