აშშ-მა ირანზე დარტყმების ახალი ტალღა განახორციელა

აშშ-მა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების ახალი ტალღა განახორციელა მას შემდეგ, რაც თეირანმა ჰორმუზის სრუტეში გამავალ გემზე თავდასხმა განახორციელა და სრუტე „შემდგომ შეტყობინებამდე“ დახურა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, მიმდინარე კვირაში ირანზე დარტყმების მესამე რაუნდი დაიწყო მას შემდეგ, რაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ჰორმუზის სრუტეში კვიპროსის დროშის ქვეშ მცურავ გემს შეუტია.

CENTCOM-ის ცნობით, აშშ-ის საჰაერო დარტყმები ირანის 140 სამხედრო სამიზნეზე განხორციელდა. სამიზნეებს შორის იყო რაკეტებისა და დრონების განთავსების ადგილები, საკომუნიკაციო ქსელები და სანაპირო სათვალთვალო ობიექტები.

ირანის საპასუხო ქმედებები რეგიონში

აშშ-ის იერიშებიდან რამდენიმე საათში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ იორდანიაში მდებარე აშშ-ის ბაზაზე თავდასხმა განახორციელა.

CNN-ის ინფორმაციით, რომელიც ირანის სახელმწიფო მედიას ეყრდნობა, ირანმა სპარსეთის ყურეში აშშ-ის რამდენიმე სამხედრო ობიექტი დაბომბა მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანზე საჰაერო იერიში განახორციელა.

ირანის სახელმწიფო მაუწყებლის, IRIB-ის ცნობით, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ კატარში მდებარე ალ-უდეიდის საჰაერო ბაზაზე ბალისტიკური რაკეტები გაუშვა.

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ მძიმე და მოულოდნელი თავდასხმა განახორციელა საზღვაო გემების ლოჯისტიკური მხარდაჭერის ობიექტებზე და ომანის დუქმის პორტში საწვავის შესავსებ პლატფორმებზე, რომელსაც ამერიკული ავიამზიდები იყენებენ.

ირანის არმიის ცნობით, ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ობიექტების, მათ შორის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის წინააღმდეგ, დრონები გაუშვეს. ბაჰრეინში, სადაც აშშ-ის მე-5 ფლოტია განლაგებული, ირანის ცნობით, აშშ-ის ძალების კუთვნილი საკომუნიკაციო სისტემა და რადარის დანადგარი დაბომბეს.

გავრცელებული ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი, ქუვეითი და ბაჰრეინი ირანიდან გაშვებულ რაკეტებსა და დრონებს პასუხობდნენ.

ღალიბაფის განცხადება

ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებულ თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ცალმხრივი გარიგებების ეპოქა დასრულდა. ჩვენ გითხარით: შეასრულეთ თქვენი სიტყვა ან გადაიხადეთ ფასი. რეალობა კარზე აკაკუნებს“, – დაწერა ღალიბაფმა.

პოსტთან ერთად, ღალიბაფმა გააზიარა აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმის მონაკვეთი, სადაც აღნიშნულია, რომ ირანი შეთანხმების პირობებს დაიცავს იმ შემთხვევაში, თუ აშშ-იც აიღებს შესაბამის ვალდებულებებს.