უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის სამხედრო და სამხედრო-ეკონომიკურ ობიექტებზე იერიში მიიტანეს, მათ შორის სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, ასევე აზოვის ზღვაში მდებარე 10 ტანკერსა და ოთხ ბორანზე. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, 12 ივლისის ღამეს თავდაცვის ძალებმა სამარის ოლქში მდებარე სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს. გავრცელებული ცნობებით, ქარხანაში აფეთქებები და ხანძარი დაფიქსირდა, ხოლო მიყენებული ზარალის შეფასება მიმდინარეობს.

გენშტაბის განცხადებით, სიზრანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 8.5 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავებას შეადგენს. ქარხანა აწარმოებს ბენზინს, დიზელს, საავიაციო საწვავს და სხვა ნავთობპროდუქტებს, რომლებიც, უკრაინული მხარის შეფასებით, რუსეთის არმიის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გამოიყენება.

გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვაში 10 რუსულ ტანკერსა და ოთხ ბორანს დაარტყეს. გენერალური შტაბის ცნობით, აღნიშნული ტანკერები გამოიყენება რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისთვის, საერთაშორისო სანქციების დარღვევით.

„ტანკერები გამოიყენება რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისთვის, საერთაშორისო სანქციების დარღვევით, ხოლო ბორნები რუსეთის ფედერაციის სამხედრო ლოჯისტიკას უზრუნველყოფენ“, – ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.

უკრაინული მხარის შეფასებით, აღნიშნული დარტყმები მიზნად ისახავს რუსეთის სამხედრო ლოჯისტიკისა და სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირებას.