ძლიერი ტაიფუნი „ბავი“ ჩინეთის აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდა თავს. სტიქიის საფრთხის გამო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში თითქმის ორი მილიონი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ტაიფუნმა შაბათს საღამოს პირველად ტაიჭოუს სანაპიროს მიაღწია, ხოლო შუაღამისას ვენჭოუს სანაპიროს დაატყდა თავს. მიუხედავად იმისა, რომ „ბავი“ უკვე შესუსტდა და ძლიერი ტროპიკული შტორმის კატეგორიაში გადავიდა, იგი კვლავაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, შტორმი ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით გადაადგილებისას თანდათან კიდევ უფრო დასუსტდება.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ჭეჟიანგის პროვინციაში 1.7 მილიონზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია. რეგიონში შეჩერებულია სასწავლო პროცესი, სამუშაო საქმიანობა და ყველა გარე აქტივობა. ასევე გაუქმდა 400 ავიარეისი და ათეულობით სარკინიგზო რეისი.
ტაიფუნის მარშრუტთან ახლოს მდებარე ვენჭოუში, სადაც დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ასობით ათასი მცხოვრების ევაკუაცია განახორციელა.
გარდა ამისა, ოფიციალური პირების განცხადებით, პეკინში მოსახლეობის შესაძლო საფრთხისგან დაცვის მიზნით 100 000 ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა.