ბანგკოკში, ერთ-ერთ ბარში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 27 ადამიანი ემსხვერპლა, 60-ზე მეტი დაშავებული კი საავადმყოფოებში გადაიყვანეს, – ინფორმაციას BBC ტაილანდის პრემიერ-მინისტრზე, ანუტინ ჩარნვირაკულზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ დროისთვის მაშველებმა 27 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მისივე თქმით, ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება დაახლოებით ნახევარ საათში შეძლეს, თუმცა ხანძრის შედეგები მძიმე აღმოჩნდა.
ტაილანდური გამოცემა Thairath-ის ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
ხანძარი ბარში, რომელსაც ადგილობრივები Rong Beer Na Lat Phrao-ს უწოდებენ, ბანგკოკის ჩატუჩაკის რაიონში გაჩნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს პოპულარული გასართობი ადგილია.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მან მომხდარის შესახებ ესაუბრა მუსიკოსს, რომელიც ხანძრის გაჩენის დროს ბარში იმყოფებოდა.
„მან თქვა, რომ ხანძარი ელექტროგამომრთველთან გაჩნდა და ამის შემდეგ ყველაფერი ძალიან სწრაფად განვითარდა. იყო აფეთქებები და ყველა ცდილობდა კვამლისა და ცეცხლისგან თავის დაღწევას“, – განაცხადა ანუტინ ჩარნვირაკულმა.
გავრცელებული ინფორმაციით, მეხანძრეები ადგილზე გამვლელმა მძღოლმა გამოიძახა, რომელმაც შენობა ცეცხლის ალში გახვეული დაინახა.