გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დრომდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია.

სააგენტოს ცნობით, შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში, ყოველთვიურად, 12 საკონტროლო წერტილში ხორციელდება.

„შავი ზღვიდან აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც მაღალი სიზუსტის ხელსაწყოებით არის აღჭურვილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს“, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

კვლევები მოიცავს ჰიდრობიოლოგიური და ქიმიური პარამეტრების განსაზღვრას, მათ შორის 13 მძიმე მეტალს, ნავთობის ჯამურ ნახშირწყალბადებს, 16 პოლიარომატულ ნახშირწყალბადს, ასევე სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრების კონცენტრაციას.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ჩატარებული კვლევების შედეგები მიუთითებს, რომ შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე დადგენილი ნორმების ფარგლებშია.

სააგენტოში ასევე აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, აქტიურად გრძელდება მუშაობა მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესებაზე.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება.