„ქართული ოცნების“ დეპუტატის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ევრობიუროკრატიას საქართველოს მიმართ არანაირი სტრატეგია არ გააჩნია“.

ამის შესახებ მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკა ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფას ემსახურება.

„იქ, სადაც სამარცხვინოდ ამბობენ, რომ მათი სურვილია ქართველი ხალხის მხარდაჭერა და არა კონტაქტი საქართველოს ხელისუფლებასთან, ზუსტად ავლენენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართულ იმ პოლიტიკას, რომელსაც, სამწუხაროდ, ევრობიუროკრატია ახორციელებს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირისთვის „საინტერესო არ არის საქართველოს მილიონ 200 ათასზე მეტი ადამიანის ნება“, რაც, მისი შეფასებით, ნიშნავს, რომ ისინი „საქართველოში დემოკრატიასა და დემოკრატიულ გადაწყვეტილებებს არ აღიარებენ“.

„მათ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მთავრობასთან კონტაქტი არ აქვთ. ცხადი და ნათელია იმ გადაწყვეტილებების შინაარსი, რაც ევრობიუროკრატიას საქართველოსთან მიმართებაში სურს. მათთვის საქართველოს პროქსი სახელმწიფო უნდა იყოს. მათ სულ არ აინტერესებთ, ქართველი ხალხი რას ფიქრობს, რომელიც ისეთ ხელისუფლებას ირჩევს, ვინც ევრობიუროკრატიას არ მოსწონს“, – აღნიშნა დეპუტატმა.

მათიკაშვილის განცხადებით, მსგავსი განცხადებები და გადაწყვეტილებები საქართველოში ევროსკეპტიციზმს აძლიერებს.

„შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს ევრობიუროკრატიის მხრიდან შეგნებულად ხდება ისეთი გადაწყვეტილებების მიღება და განცხადებების გაკეთება, რაც საქართველოში ევროსკეპტიციზმს აღრმავებს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ აქვთ და არც მისი მხარდაჭერა სურთ, სურთ მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს“.

მისივე თქმით, ევროკავშირში მსჯელობენ, როგორ იმოქმედონ ისე, რომ ქართველმა ხალხმა ევროპის იმედი არ დაკარგოს.