თბილისში, ერთ-ერთი ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კლუბის დაცვის თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების მისაღებად კლინიკაში გადაიყვანეს.

შსს-ის ინფორმაციით, ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ერთ-ერთი ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ამავე კლუბის დაცვის თანამშრომელს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს“, – ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.