თელავში უხვი ნალექით გამოწვეული სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის ქვა-ღორღისგან გაწმენდილია კავკასიონის ქუჩის ძირითადი ნაწილი, ხოლო დაზიანებული ხიდის ნარჩენების დემონტაჟი დასრულებულია.

სალიკვიდაციო პროცესში კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტია ჩართული. მათ თელავს ცოცხალი ძალა გამოუგზავნეს, რომელიც იმ ტერიტორიების გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობს, სადაც მძიმე ტექნიკის გამოყენება შეუძლებელია.

სტიქიის ზონაში მცხოვრებ მოქალაქეებს ელექტროენერგიის მიწოდება ამ დროისთვის კვლავ შეწყვეტილი აქვთ, ხოლო ბუნებრივი აირის მიწოდება უმეტეს ტერიტორიაზე აღდგენილია.

ცნობისთვის, თელავში ძლიერი წვიმის შედეგად თელავის ხევი ადიდდა, რის გამოც დაიტბორა კავკასიონისა და ალაზნის გამზირის მიმდებარე ქუჩების ნაწილი. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში გადავიდა.