საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი პოზიცია „ქართველი ხალხის ნებას უპირისპირდება“.

კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე არ აღიარებს, ხოლო, მისი შეფასებით, კაია კალასი  საქართველოს ტერიტორიის 100%-ზე.

„ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ არის ქვეყანა  რუსეთის ფედერაცია, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ჩვენი ტერიტორიების 20%-ზე. არის კაია კალასი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე. რა თქმა უნდა, ეს არის სრულიად სამარცხვინო დამოკიდებულება და ძალიან მძიმე შეფასებას იმსახურებს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, „როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი არ აღიარებს ქართველი ხალხის ნებას და უპირისპირდება მას, ეს ძალიან მძიმე მოვლენაა“.

პრემიერ-მინისტრმა ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით და განაცხადა, რომ „ევროპული ბიუროკრატია აბსურდშია შესული“.

„თქვენ ძალიან კარგად იცით საქართველოს როლი დაკავშირებადობის კუთხით. საქართველო აკავშირებს შვიდ ქვეყანას შავ ზღვასთან და, შესაბამისად, დასავლეთის სივრცესთან. აქედან გამომდინარე, საქართველოს როლი ამ მიმართულებით არის საკვანძო“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, საქართველოს არმიწვევა გარკვეულ საერთაშორისო შეხვედრებზე, მაშინ როდესაც ქვეყანა რეგიონული დაკავშირებადობის თვალსაზრისით მნიშვნელოვან როლს ასრულებს, „აბსურდული გადაწყვეტილებაა“.

კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის ეკონომიკური წილის შემცირება მსოფლიო ეკონომიკაში, მისი შეფასებით, „სუვერენიტეტის დაკარგვის შედეგია“.

„ევროკავშირის წილი მსოფლიო ეკონომიკაში 2008 წელს 30% იყო, დღეს კი 17.5%-მდეა შემცირებული. ეს არის სწორედ სუვერენიტეტის დაკარგვის შედეგი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირისთვის აღმოსავლეთის მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლია.

ცნობისთვის, კაია კალასმა ბრიუსელში განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ აქვთ და არც მისი მხარდაჭერა სურთ ,სურთ მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს“. მისი თქმით, ევროკავშირში მსჯელობენ, როგორ იმოქმედონ ისე, რომ ქართველმა ხალხმა ევროპის იმედი არ დაკარგოს.