ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) განცხადებით, ირანმა აშშ-ის სამხედრო ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა.

IRGC-ის ინფორმაციით, დარტყმები მიიტანეს ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე. მათ შორის, შეტევის სამიზნე იყო აშშ-ის საჰაერო ბაზაზე არსებული ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტები, P-8 Poseidon-ის ტიპის თვითმფრინავის განთავსების ანგარი და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრი.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, – ნათქვამია IRGC-ის განცხადებაში.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენები ჩაირთო და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ირანული მედიის ინფორმაციით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითშიც, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებული ინფრასტრუქტურა გახდა სამიზნე.

IRGC-ის მტკიცებით, ალი ალ სალემის ბაზაზე მთლიანად განადგურდა საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები. ასევე, ორგანიზაციის განცხადებით, დარტყმა განხორციელდა აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც დაზიანდა FPS-ის ტიპის სარადარო სისტემა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ.