პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, უკრაინაში უახლოეს მომავალში ცეცხლის შეწყვეტის ან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა.
როგორც Reuters-ი წერს, ტუსკის შეფასებით, რუსეთის მხრიდან ესკალაციის გაგრძელებაა მოსალოდნელი და ომი შესაძლოა მინიმუმ ზამთრამდე გაგრძელდეს.
„ამ ეტაპზე, ნაკლებად სავარაუდოა ცეცხლის შეწყვეტა ან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უახლოეს მომავალში, პუტინისა და რუსეთის ხისტი პოზიციის გამო“, – განაცხადა ტუსკმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
პოლონეთის მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული საკითხი მან ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან განიხილა.
ტუსკის განცხადებით, პოლონეთი შემოდგომაზე საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს სამხედროებთან ერთად ერთობლივ წვრთნებს უმასპინძლებს, რათა ისინი მზად იყვნენ უკრაინისა და რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სამშვიდობო შეთანხმების ან ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შემდეგ.
„ეს იქნება წვრთნები, რომელიც „მსურველთა კოალიციას“ მოამზადებს უკრაინისთვის და მთელი რეგიონისთვის რეალური უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.