ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ საქმეში მის და სხვა ბრალდებულების წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს და საქმე საბოლოოდ სტრასბურგის სასამართლოში გაგრძელდება.

მისი თქმით, სასამართლო პროცესი უახლოეს პერიოდში დასრულდება, რის შემდეგაც დაცვის მხარე საერთაშორისო ინსტანციებს მიმართავს.

„სტრასბურგში ეს საქმე აუცილებლად წავა. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს საქმეში, არავისთან მიმართებაში. რადგან მტკიცებულებები არ არის, ჰყავთ პოლიციელები, რომლებიც გაუბედურებულ მდგომარეობაში არიან და უსინდისობას სჩადიან“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, მოწმე პოლიციელებს დანაშაულთან დაკავშირებით თავდაპირველად პატაკები არ ჰქონდათ შედგენილი და ფაქტების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ ისაუბრეს, რაც პროკურატურამ გამოკითხვაზე დაიბარა.

„მოწმეებს არაფერი არ ახსოვთ და ვერაფერს კონკრეტულად ვერ ამბობენ. დანაშაულთან მიმართებით არცერთ პოლიციელს პატაკი არ აქვს და არ უთქვამს, დანაშაული დავინახეო. პროკურატურამ როცა დაუძახა და გამოარჩია, მერე გაახსენდათ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, მათ შორის – საბოტაჟს, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას, ასევე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ ან კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ მოწოდებას.

ბრალდებულების ნაწილი წარდგენილ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.