კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა.

დათუნაშვილის განცხადებით, კაია კალასი საკუთარ პოზიციას აფიქსირებს, ხოლო ევროკავშირი კვლავ ქართველი ხალხის მხარდაჭერას აგრძელებს.

„ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს იმას, რასაც თვლის სწორად. ევროკავშირი და ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორები ქართველი ხალხის მეგობრები არიან და ეს არ შეცვლილა. ისინი ქართველი ხალხის გვერდით დგანან და იდგებიან“, – განაცხადა დათუნაშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიცია მათი განცხადებებითა და მიღებული რეზოლუციებითაც დასტურდება.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ქართველი ხალხის ინტერესებს არ წარმოადგენს.

„ქართველი ხალხის გვერდით და ქართველი ხალხის ინტერესების დამცველად დღეს არ დგას საქართველოს მოქმედი ხელისუფლება. ხელისუფლება მოქალაქეებს ყოფს სხვადასხვა კატეგორიად და ადამიანთა ნაწილს უზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებს“, – განაცხადა დათუნაშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი კვლავ იმ პოზიციაზე რჩება, სადაც ყოველთვის იყო  ქართველი ხალხის მხარდამჭერად.