კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი სუს-ის მიერ 9 რეგიონში 28 პირის დაკავებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ფაქტები, მისი შეფასებით, ქვეყანაში კორუფციის სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს.
დათუნაშვილის თქმით, მმართველი გუნდი კორუფციასთან რეალურ ბრძოლას არ აწარმოებს და დაკავებები შიდა კლანურ დაპირისპირებას უკავშირდება.
„ბოლოდროინდელმა დაკავებებმა აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ კორუმპირებულ, მომპალ და დამნაშავე პოლიტიკურ რეჟიმად ჩამოყალიბდა. ეს არის ისეთი მასშტაბის კორუფცია, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოს შევარდნაძის პერიოდშიც კი არ უნახავს“, – განაცხადა დათუნაშვილმა.
მისი თქმით, სუს-ის მიერ გამოვლენილი საქმეები, რომლებიც ქრთამის აღებას, დოკუმენტების გაყალბებას, სახელმწიფო თანხებისა და მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებას ეხება, ქვეყანაში კორუფციის მასშტაბურობაზე მიუთითებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, ხელისუფლება მხოლოდ კონკრეტულ პირებს ებრძვის და არა სისტემურ კორუფციას.
„ეს არის ჩვეულებრივი კლანური დაპირისპირება. მოქმედი მმართველი კლანი ებრძვის წინა კლანს და ამას რეალურად არაფერი აქვს საერთო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან“, – აღნიშნა დათუნაშვილმა.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში განაცხადეს, რომ საქართველოს 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 14 სისხლის სამართლის საქმეზე 28 პირია დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. საქმეები ეხება ქრთამის აღებას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებასა და გასაღებას, კომერციულ მოსყიდვას, სახელმწიფო თანხებისა და მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.