„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველო ეუთო-ს არ ტოვებს, თუმცა ორგანიზაციასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.
მისი თქმით, ეუთო-ს რეპუტაცია დაზიანებულია და კულუარებში გაკეთებული განმარტებები საკმარისი არ არის.
„კულუარებში მოხდილი ბოდიშები არავის აინტერესებს. ჩვენ არ ვტოვებთ ამ საერთაშორისო ორგანიზაციას, თუმცა მისი დაბალი რეპუტაციიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ კითხვები გაგვაჩნია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
დეპუტატის შეფასებით, ეუთო/ოდირის მისია არჩევნებზე დაკვირვება და შესაბამისი დასკვნის მომზადება იყო, თუმცა მისი თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ორგანიზაციაზე ზეწოლა განხორციელდა.
„2024 წლის არჩევნებზე მათ დადეს დასკვნა, რომლითაც არჩევნები ჩატარებულად და კონკურენტუნარიანად გამოცხადდა. ამ დოკუმენტს არ ჰქონდა ისეთი პრობლემა, რაც ჩატარებულ არჩევნებს ეჭვქვეშ დააყენებდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მათ არ მოეწონათ ქართველი ხალხის არჩევანი და განახორციელეს ზეწოლა ეუთო-ზე“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, ეუთო-მ საბოლოო რეზოლუციაში საკუთარი პოზიცია შეცვალა და ორგანიზაციის მიმართ კითხვები სწორედ ამის გამო გაჩნდა.
„საქართველოს აქვს საფუძვლიანი პრეტენზია, რომ ეუთო-მ საკუთარი პოზიცია მკაფიოდ გამოხატოს. კულუარებში მოხდილი ბოდიშები არავის აინტერესებს“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ 8 ივლისს „ჰააგის დეკლარაცია“ მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც შეიცავს. დოკუმენტში საუბარია საქართველოში არჩევნების მთლიანობასა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვაზე.