თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დოკუმენტს არანაირი ფასი არ აქვს.
მისი შეფასებით, რეზოლუცია სიცრუესა და ცილისწამებაზეა დაფუძნებული და განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, რომ მსგავსი დოკუმენტი მიიღო ორგანიზაციამ, რომელსაც საქართველო არჩევნებზე დასაკვირვებლად იწვევდა.
„გულდასაწყვეტია, როდესაც ისეთი საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიცაა ეუთო, რომელსაც არჩევნების დაკვირვებას ვანდობდით, სიცრუით და ტყუილით გაჯერებულ რეზოლუციას იღებს. რა სანდოობა უნდა ჰქონდეს ეუთოს ამის შემდეგ, ან როგორ უნდა მოიწვიოს ნორმალურმა განვითარებულმა ქვეყანამ იმისთვის, რომ საკუთარ არჩევნებს დააკვირდეს?!“ – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, საერთაშორისო გადაწყვეტილებები ხშირად არა არგუმენტებზე, არამედ ძალაუფლებაზეა დამოკიდებული.
„ნუ გვექნება ილუზია, რომ არგუმენტებზე დაყრდნობით იქნება ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებები ან რეზოლუციები. ეს ასე არ არის. ყველაფერი ტყუილით, სიცრუითა და ცილისწამებით იქნება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კალაძის განცხადებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტს საქართველოს ხელისუფლება არ იზიარებს.
ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ 8 ივლისს „ჰააგის დეკლარაცია“ მიიღო, რომელიც საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც შეიცავს. დოკუმენტის სახელწოდებაა – „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“.
რეზოლუციაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაათავისუფლოს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირები და გააუქმოს ის კანონები, რომლებიც, მათი შეფასებით, ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ვალდებულებებს.