თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ე.წ. რიყის დოქები უმძიმეს მდგომარეობაში იყო და კერძო მესაკუთრემ მათი დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე კერძო მესაკუთრეს თბილისის მერიაში არ წარუდგენია პროექტი, რომელიც აღნიშნული ტერიტორიის განვითარებას ითვალისწინებს.
„ეს არის კერძო საკუთრება, შენობა, რომელიც იყო აბსოლუტურად უფუნქციო. ნაგვის ბუდე, შეიძლება ასე ითქვას, უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ფუნქციურად გაუმართლებელია და შესაბამისად, კერძო მესაკუთრემ მიიღო გადაწყვეტილება დემონტაჟთან დაკავშირებით“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დემონტაჟთან დაკავშირებით არსებობდა მთავრობის განკარგულება, არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ნებართვა ყველა შესაბამის მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს.
კალაძის განცხადებით, მერიამ და კულტურის საბჭომ მესაკუთრეს დემონტაჟის განხორციელების შესაძლებლობა მისცეს, რის შემდეგაც ახალი პროექტის განხილვა დაიწყება.
„ჯერ არ ყოფილა წარმოდგენილი არც ერთი წინადადება და არც პროექტი. როგორც კი იქნება შემოტანილი, საზოგადოება ამის შესახებ გაიგებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი და პროექტიც შესაბამისი უნდა იყოს გარემოსთან. დარწმუნებული ვარ, დარგის სპეციალისტების ჩართულობით, განხორციელდება ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.