დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ – უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების მე-6 კლასტერს ვხსნით, – ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა, ბრიუსელში, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატ ქვეყნებთან სამთავრობათაშორისო კონფერენციების დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად, ერთ დღეში გაწევრიანების ოთხი კონფერენცია იმართება.
„ოთხი მოწინავე კანდიდატი უკრაინა, მოლდოვა, ალბანეთი და მონტენეგრო წინ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ. უკრაინასთან და მოლდოვასთან მე-6 კლასტერს ვხსნით, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს მოიცავს. ეს ასევე ეხება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობასა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლას. ორივე ქვეყანა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში საკუთარ წვლილს შეიტანს“, – განაცხადა კოსმა.
ევროკომისრის განცხადებით, უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების დარჩენილი კლასტერების გახსნის ტემპი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.
„ის, თუ რამდენად სწრაფად შევძლებთ დარჩენილი ოთხი კლასტერის გახსნას, დამოკიდებულია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანასა და წევრ სახელმწიფოებზე. თუმცა, მაშინაც კი, თუ გარკვეული დროით ლოდინი მოგვიწევს, ტექნიკური სამუშაოები კვლავ გაგრძელდება“, – აღნიშნა მან.
მარტა კოსის თქმით, მონტენეგრო, ამავე დროს, გაწევრიანების მოლაპარაკებების რამდენიმე თავს ხურავს.