ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ნაგებობის დანგრევა მხოლოდ იმის გამო, რომ ის კონკრეტულ ადგილას მდებარეობს, მიუღებელია.

„სხვა ადგილას რომ ყოფილიყო ეს მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული ნაგებობა, მართლაც უკეთესი იქნებოდა, მაგრამ მხოლოდ ამის გამო მისი დანგრევა ბარბაროსობაა. როგორც ირკვევა, სასტუმრო-კაზინოს ჩადგმას აპირებენ“, – წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, რიყის დოქების იერსახეზე საუბარი მაშინ, როდესაც თბილისში სხვა მასშტაბური ნაგებობებიც აშენდა, გაუგებარია.

გოცირიძის განცხადებით, დემონტაჟის გადაწყვეტილების მიღმა „ქართული ოცნების“ კლანის ინტერესები დგას და საკითხი მხოლოდ ესთეტიკას არ უკავშირდება.

„ესთეტიკა და იერსახე აქ არაფერ შუაშია. კაზინოსთვის უკეთეს ადგილს, ალბათ, მართლაც ვერ იპოვი. შეუძლებელია, იქ ისეთი ზომის სასტუმრო ააშენო, რომელიც ერთდროულად მომგებიანიც იქნება და რიყის იერსახესაც არ დაამახინჯებს“, – წერს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.

თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა. უწყების განმარტებით, მთავრობის 2025 წლის განკარგულების მიხედვით, ტერიტორიის განვითარება სასტუმროს პროექტის შექმნას ითვალისწინებს, რაც შესაძლოა სადემონტაჟო სამუშაოებსაც მოიცავდეს.